BDO Academy-ში გთავაზობთ კურსს: საგადასახადო კოდექსი, რომლის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები, გააცნოს – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალი და საერთაშორისო დაბეგვრის ზოგადი პირნციპები.

მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ – დანართი №9

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“, 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით დაემატა მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ – დანართი №9.

აღნიშნული ცვლილების გამოყენება სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება საკასო შემოსავალი ან/და ხარჯი.

ამ მეთოდური მითითების თანახმად, კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი. გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

იმ შემთხვევაში კი, თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მხოლოდ საკასო შემოსავალი და არ აქვს საკასო ხარჯი ან პირიქით, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო შემოსავლის (მხოლოდ საკასო ხარჯის არსებობის შემთხვევაში საკასო ხარჯის) 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

დაბეგვრის მიზნებისთვის, არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული უპროცენტო სესხი და გავრცელდება აღნიშნული ოპერაციის მიზნებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები.

ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახვის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.

რაც შეეხება ნაღდი ფულის ნაშთის იმ ნაწილს, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერ ღონისძიების ფარგლებში (მაგალითად, სალაროში არსებული ნაღდი ფულის დათვლა), შესაძლოა დაკვალიფიცირდეს, როგორც მისი გამოვლენის დღეს:

  • საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად
  • პროცენტიან ან უპროცენტო სესხად
  • დივიდენდად.

იხილეთ კურსები: