2022 წლის 19 აპრილს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №9021, რომლითაც დამტკიცდა მეთოდური მითითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესახებ. აღნიშნული მუხლების მიხედვით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი/პირი ამ კოდექსებით გათვალისწინებული სანქციებისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია ამ პირის შეცდომით/არცოდნით.
მეთოდური მითითებით განისაზღვრა გარკვეული სახის სამართალდარღვევის ფაქტები, რომლის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია გათავისუფლდეს პირი დაკისრებული სანქციებისგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს სანქციებისგან გათავისუფლება შესაძლოა შეეხოს შემდეგი სახის საგადასახადო სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში:
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევა – საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა, რომელიც იწვევს 2 თვემდე ვადის გადაცილების შემთხვევაში დარიცხული გადასახადის 5%-ით დაჯარიმებას, ხოლო 2 თვეზე მეტი ხნით ვადის გადაცილების შემთხვევაში დარიცხული გადასახადის 10%-ის ოდენობით დაჯარიმებას.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, რომელიც იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
მეთოდური მითითებით განისაზღვრა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევისთვის სსკ-ის 274-ე მუხლით დადგენილი სანქციისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
- სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღისთვის ან საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული თარიღისთვის ან ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის ნაწილში/აღიარებული მოსაკრებლის ნაწილში.
- პირს, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იგივე ქმედება ჩადენილი არ აქვს.
ამავე მეთოდური მითითებით განიმარტა სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების ის შემთხვევაც, როდესაც გადასახადის გადამხდელი წარადგენს საჩივარს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული სანქციის მოხსნის მიზნით, რაც განპირობებული იყო მისი შეცდომით/არცოდნით. პირს დაკისრებული სანქცია შესაძლოა გაუუქმდეს თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
- გადასახადის გადამხდელი თავად გამოავლენს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტს საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე.
- სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში.
- დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია.
- დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში პირმა დააფიქსირა ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
აგრეთვე, ამ მეთოდური მითითებით განისაზღვრა ის შემთხვევაც, თუ კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევისთვის ან/და დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის სსკ-ის 274-ე და 282-ე მუხლებით დაკისრებული ჯარიმები გაუუქმდება და ამის შემდეგ განახორციელებს აღნიშნული დეკლარაციის/გაანგარიშების ან/და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებას, მომსახურების დეპარტამენტს უფლება ექნება ასევე არ დააკისროს სანქცია დამატებით დარიცხული გადასახადის შესაბამისად, თუ პირის მიერ იმავე დეკლარაციის/გაანგარიშების/ინფორმაციის დაზუსტებისას დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ აღემატება პირველადი დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ს.
ბრძანება ძალაშია 2022 წლის 1 მაისიდან.
BDO Academy ამ მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ კურსებს: