„საწარმოს გადაცემა“ საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის ცვლილებებით დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც პრაქტიკაში მეტად მნიშნელოვან საკითს ეხება. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს კოვიდ პანდემიაც, რომლის პირობებშიც არა ერთ საწარმოს მოუწია რეორგანიზაცია და ახალ რეალობაზე გადაწყობა.
„საწარმოს გადაცემა“ ნიშნავს გარიგების ან კანონის საფუძველზე საწარმოს, ბიზნესის ან მათი ნაწილის გასხვისებას. ეს ინსტიტუტი ორიენტირებულია ბიზნესის გასხვისებისას საწარმოს გადამცემის თანამშრომლების ინტერესების დაცვაზე, რაც ზემოხსენებულ ცვლილებამდე შრომის კოდექსით არ იყო გათვალისწინებული.
დღეს უკვე დაუშვებელია საწარმოს გადამცემის ან საწარმოს მიმღების მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საწარმოს გადაცემის საფუძვლით, თუმცა, ეს არ გამორიცხავს შესაბამისი წინაპირობების დაცვით შრომითი ხელშეკრულების რეორგანიზაციის საფუძვლით (საქართველოს შრომის კოდექსი, 47-ე მუხლის 1-ელი პუნქტის ‘ა’ ქვეპუნქტი) შეწყვეტის უფლებას.
საწარმოს გადაცემის თარიღის დროს, მოქმედი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, გადამცემი საწარმოს უფლებები და ვალდებულებები საწარმოს გადაცემის საფუძვლით გადაეცემა მიმღებ საწარმოს. ხოლო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის პასუხისმგებლობა მიმღებ საწარმოს ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულება წყდება იმ საფუძვლით, რომ საწარმოს გადაცემა მოიცავს შრომის პირობების დასაქმებულთა საზიანოდ ცვლილებას.
საწარმოს გადაცემისთვის დადგენილი რეგულაციები არ ვრცელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში საწარმოს გადახდისუუნარობისას საწარმოს გადაცემის შემთხვევაზე.
2020 წლის ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ბევრ სიახლეს გვთავაზობს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის ხელშეკრულების ვადასთან, ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან, ღამის სამუშაოსთან, სტაჟირებასთან, დეკრეტულ შვებულებასთან, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტასთან და საწარმოს გადაცემასთან დაკავშირებული ნორმები.
BDO Academy გთავაზობთ კურსს – შრომის სამართალი, რომლის ფარგლებშიც გაეცნობით შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, ამ ურთიერთობის პრინციპებს, სპეციფიკას და იმ მომიჯნავე ნორმატიულ თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც შრომით ურთიერთობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული.