2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილებებმა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ბევრი საინტერესო სიახლე მოიცვა. გაიზარდა დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი. ამ კუთხით განჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი მუხლები, როგორებიცაა: პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 22) და გონივრული მისადაგება (მუხლი 9). ორივე ცვლილება თავისი შინაარსით უნიკალურია და უცხოა კოდექსის ადრეული ვერსიებისთვის.
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 22)
საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი ხელს უწყობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ ზოგად დანაწესს მოსდევს უფრო „ვიწრო“ შინაარსი, რომლის მიხედვითაც შვებულების დასრულების შემდეგ: ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დასაქმებული უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო, ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი კვალიფიკაციის ამაღლება, თუ ეს აუცილებელია თანამშრომლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და დამსაქმებლისთვის არაპროპორციულ ხარჯებს არ წარმოშობს.
არაპროპორციული ხარჯებს კანონმდებელი არ ადგენს, თუმცა, ბუნებრივია აქ იგულისხმება ის დანახარჯი, რომელიც ბიზნეს კუთხით, დამსაქმებლის შემოსავლიდან გამომდინარე, გაუმართლებელია. ასეთი ხარჯი ძირითადად, მაგრამ არა ყოველთვის, ფინანსურია, მაგალითად, გადამზადების კურსის მაღალი ღირებულება.
იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა სასწავლო კურსში დასაქმებულის მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი, ამ კურსში დასაქმებულის მონაწილეობა სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება.
გონივრული მისადაგება (მუხლი 9)
საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის, კერძოდ, გონივრული მისადაგების პრინციპის დაცვის მიზნით, დამსაქმებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დასაქმების, კარიერული წინსვლის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიება დამსაქმებელს არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს.
ტვირთი არაპროპორციულად არ მიიჩნევა, თუ კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, შეღავათები ან/და სხვა ალტერნატიული საშუალებები.
ნორმაში გამოყენებული ფრაზა „შესაბამისი ღონისძიებები“ უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ სამუშაო სივრცის ინფრასტრუქტურულ მოწყობას, შესაბამისი სტანდარტით, არამედ, ისეთი ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას, რომელიც დასაწყისშივე გამორიცხავს დისკრიმინაციულ ქმედებებს, განსაკუთრებით ვაკანსიის გამოცხადების და ზოგადად, წინასახელშეკრულებო ეტაპზე.
BDO Academy გთავაზობთ კურსს: შრომის სამართალი, რომლის მიზანია შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავება და იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების დახვეწა, რომელიც საჭიროა შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად დაგეგმვა-წარმართვისთვის.
BDO Academy-ში ტარდება შრომის სამართლის კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ:
- მაქსიმალურად დაიცვან მათი და კომპანიის ინტერესები
- სწორად დაგეგმონ შრომის პოლიტიკა
- სწორად განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის პრინციპები
- უზრუნველყონ ადმინისტრაციული პროცესების დროული და მართლზომიერი წარმართვა.