2020 წლის ივლისის თვეში გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება „საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული მეთოდური მითითებით, გადასახადის გადამხდელებს ზოგიერთ შემთხვევაში მიეცათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გარკვეული ოდენობით წარმოქმნილი დანაკლისი სასურსათო საქონლის ნაწილში განეხილათ არაარსებით დანაკარგად და მასზე არ გავრცელებულიყო დანაკლისად დაბეგვრის ვალდებულებები. აღნიშნული მეთოდური მითითების მოქმედება გავრცელდა 2020 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისების მიმართ.
ამ ბლოგში, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოცემულობებზე დაყრდნობით განვიხილავთ საილუსტრაციო მაგალითს:
ფაქტობრივი გარემოება
შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი სრულად მოიცავს 2020-2021 წლებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საწარმო ახორციელებდა სასურსათო საქონლისა და ჰიგიენის საშუალებების რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით.
აღნიშნული საქმიანობის პარალელურად, ამავე პერიოდში, შპს „X“ ფლობდა კომერციულ ფართებს, რომლებსაც გასცემდა იჯარით და იღებდა შემოსავალს.
მოცემულ პირობებში, შპს „X“-ის 2020 წლის შემოსავალმა შეადგინა 2,200,000 ლარი (დღგ-ის გარეშე). მათ შორის:
- სასურსათო საქონლის რეალიზაციიდან 1,200,000 ლარი;
- ჰიგიენის საშუალებებიდან 200,000 ლარი;
- იჯარიდან 800,000 ლარი.
შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ ორივე სავაჭრო ობიექტში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2021 წლის მაისის თვეში ერთ-ერთ მათგანში გამოვლინდა დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 5,000 ლარი. მათ შორის:
- სასურსათო საქონლის დანაკლისი 4,000 ლარი;
- ჰიგიენის საშუალებების დანაკლისი 1,000 ლარი.
2021 წლის სხვა თვეებში დანაკლისი არ გამოვლენილა.
შეფასება და შედეგი
არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშების მიზნით, მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასურსათო საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, რაც ამავდროულად ვრცელდება ასევე სასურსათო საქონლის დანაკლისზე. შესაბამისად, შპს „X“-ის 2021 წლისათვის არაარსებითი დანაკარგის ოდენობა იქნება (1,200,000 * 1%) 12,000 ლარი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სასურსათო საქონლის დანაკლისის ნაწილში.
ამდენად, 2021 წლის მაისის თვეში სასურსათო დანიშნულების საქონლის დანაკლისი არაარსებით დანაკარგად განიხილება და არ დაიბეგრება არცერთი გადასახადით, რადგან მის საბაზრო ღირებულებას 4,000 ლარს აღემატება წინა წლის განმავლობაში ამგვარი საქონლის რეალიზაციისას დღგ-ით დაბეგრილი ბრუნვის 1% (12,000 ლარი).
შესაბამისად, მაისის თვეში დღგ და მოგების გადასახადებით დაბეგვრას დაექვემდებარება ჰიგიენის საშუალებებში გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე და გადასახდელი გადასახადი დაანგარიშდება შემდეგნაირად:
- დღგ – 1,000*18%=180₾
- მოგების გადასახადი – 1,000/85%*15%=176.47₾
BDO Academy ამ მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ კურსებს: