დღევანდელი ბიზნეს რეალობა მენეჯერისგან მოითხოვს, რომ ის გასცდეს პროცესების მართვას და შეითავსოს ლიდერის, ემპათიური კომუნიკატორისა და გუნდის განვითარებაზე ორიენტირებული მენტორის როლი. სწორედ ამ ხედვაზე დაყრდნობით შექმნა BDO აკადემიამ სპეციალურად მორგებული ტრენინგპროგრამა „ლიდერობა და მართვა“, რომელიც ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტას” მენეჯერებისთვის განხორციელდა.
პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა სრულად ასახავდა კომპანიის რეალურ საჭიროებებს. აქცენტი კეთდებოდა იმ კომპეტენციებზე, რომლებიც დღეს მენეჯერს ლიდერის როლში აყენებს: გადაწყვეტილებების მიღება, შთაგონება, მოტივაცია და თანამშრომელთა განვითარება.
![]() |
![]() |
რატომ არის მენეჯერების განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი?
პარტნიორის ხედვა
აღნიშნული პარტნიორობა აჩვენებს, რომ ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა” პროფესიულ განვითარებას ბიზნესის სტრატეგიულ მიმართულებად აღიქვამს.
როგორც ინტერვიუში აღნიშნეს HR გუნდის წარმომადგენლებმა – ნინო ჭანტურიამ, ადამიანური კაპიტალის მენეჯერმა და მაგდა მერაბიშვილმა, ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელმა – კომპანიის წარმატება დიდწილად მენეჯერების პროფესიონალიზმსა და ლიდერულ უნარებზეა დამოკიდებული:
„ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომპანიის მენეჯერების განვითარება ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს კომპანიის ეფექტიანი მართვისა და მუდმივი ზრდისთვის. ჩვენი მხრიდან მენეჯმენტის ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო პრაქტიკული მიდგომებით თანამშრომელთა მართვის, მოტივაციის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების გაძლიერება.“
ტრენინგი ერთჯერადი აქტივობით არ შემოიფარგლა. მისი სტრუქტურა და შინაარსი სწორედ იმ რეალურ გამოწვევებზე იყო მორგებული, რასაც მენეჯერები ყოველდღიურ მუშაობაში აწყდებიან:
„ტრენინგი შეფასდა როგორც დინამიური, გამოცდილებაზე დაფუძნებული და ჩვენთვის მნიშვნელოვან კონტექსტზე მორგებული.
ველოდებით, რომ მიღებული ცოდნა დაგვეხმარება გუნდური მუშაობის გაუმჯობესებაში, თანამშრომლების მოტივაციის ზრდაში, ეფექტური უკუკავშირის მიცემასა და რთული სიტუაციების მართვაში.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დროშიც კი უკვე შეიმჩნევა ცვლილებები მენეჯერების მიდგომებში.“
![]() |
![]() |
მენეჯმენტიდან ლიდერობამდე
ტრენერის ხედვა
ტრენინგს უძღვებოდა ქეთი რუსიშვილი, BDO აკადემიის ტრენერი, რომლის თქმითაც, კურსის მთავარი მიზანი იყო ისეთი ხედვის ჩამოყალიბება, სადაც მენეჯერის როლი მხოლოდ ფუნქციურ საქმიანობას სცდება:
„პროგრამა მიზნად ისახავდა იმის გააზრებას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მენეჯერმა დინამიურ ბიზნესგარემოში ისე, რომ შეძლოს არა მხოლოდ პროცესების მართვა, არამედ ადამიანების შთაგონება, მათი პოტენციალის სწორად გამოყენება და შედეგზე ორიენტირებული გუნდის შექმნა.მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ისეთ კომპეტენციებს, როგორებიცაა ემოციური ინტელექტი, მოტივაციის მართვა, კონსტრუქციული უკუკავშირი და გუნდური კულტურის გაძლიერება. ვისაუბრეთ რეალურ გამოწვევებზე: როგორ მიიღოს მენეჯერმა ეფექტური გადაწყვეტილებები, როგორ დაალაგოს პრიორიტეტები და როგორ გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს, იქნება ეს შიდა გუნდის მართვა თუ მომხმარებელთან ურთიერთობა.“
![]() |
ქეთის შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა ხშირად სწორედ შინაგანი ტრანსფორმაციაა:
„მენეჯერული განვითარების მთავარი გამოწვევა მენეჯერის გარდასახვაა – გადაწყვეტილების მიმღები ფუნქციიდან ადამიანების განვითარების კატალიზატორად. დღევანდელ რეალობაში ორგანიზაციები აღარ ეძებენ მხოლოდ ფუნქციურად ძლიერ მენეჯერებს – საჭირო ხდება ლიდერის თვისებების მქონე ადამიანები, რომლებიც მოქნილობით, ემპათიით და თვითშეგნებით გამოირჩევიან.
ფოკუსი უნდა გადავიტანოთ შესრულების კონტროლიდან ადამიანების შთაგონებაზე. მენეჯერმა უნდა შეძლოს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ გუნდის ემოციური ტონის ამოცნობა და რეგულირება. ასევე, აუცილებელია სიმამაცე ცვლილებების მისაღებად, უკუკავშირის მოსასმენად და საკუთარი ჩვევების გადასახედად. მენეჯმენტის ძალა არ არის კონტროლში, ის არის ნდობაში, განვითარებაში და საერთო მიზნის გარშემო გუნდის გაერთიანებაში.“
რას ამბობენ ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტას” მენეჯერები?
მონაწილეთა ხედვა
შეხვედრების შედეგი და ეფექტურობა ყველაზე კარგად თავად მონაწილეთა შეფასებებში ჩანს:
მიხეილ ბერიშვილი
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო BDO აკადემიას ამ უმნიშვნელოვანესი ტრენინგის შესაძლებლობისთვის და ჩვენს მაღალკვალიფიციურ ტრენერს, ქეთი რუსიშვილს. მისი გამოცდილებისა და მიზანმიმართული მიდგომის წყალობით, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკვანძო დეტალებზე, რომლებიც მომავალში აუცილებლად დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში.“ირინე ნოსელიძე
„ტრენერი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და კეთილგანწყობით. ტრენინგის მსვლელობისას მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, რომელთაც ყოველდღიურად ვხვდებით სამუშაო პროცესში, თუმცა შესაძლოა, ხშირად უყურადღებოდ გვრჩებოდა. მიღებული ცოდნა ნამდვილად გამომადგება როგორც პროფესიულ, ისე პირად განვითარებაში.“
![]() |
,,ტოიოტა ცენტრი თეგეტასთან” თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ ცოდნაში გონივრული ინვესტიცია რეალურ და გაზომვად შედეგს იძლევა, აყალიბებს ძლიერ ლიდერებს, აძლიერებს გუნდებს და აუმჯობესებს კორპორატიულ კულტურას. BDO აკადემია კი რჩება სანდო და მაღალკვალიფიციურ პარტნიორად ამ გზაზე და განაგრძობს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც ზრდასა და განვითარებას სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევენ.
კორპორატიული ტრენინგპროგრამების დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციის დასაჯავშნად მოგვმართეთ:
Academy@bdo.ge