ცოდნა მაშინ იძენს სიღრმეს, როცა ზუსტად იცი თუ რატომ იღებ მას. სწავლის პროცესს ყოველთვის წინ უნდა უძღვებოდეს მნიშვნელოვანი შეკითხვები: რატომ მივდივარ ამ გზით? რას ველოდები? რას ვცდილობ მივაღწიო? რისთვის ვარ მზად?   

ბლოგში გაეცნობი 6 პრაქტიკულ ნაბიჯს, რომელიც დაგეხმარება, სწავლის პროცესი გააზრებულად დაგეგმო და მიღებული ცოდნა რეალურ, გამოყენებად გამოცდილებად აქციო.  

  1. განსაზღვრე სწავლის მიზანი
    სწავლა, რომელსაც მიზანი არ აქვს, იშვიათად იძლევა შედეგს. თუ კურსზე დარეგისტრირდი მხოლოდ იმიტომ, რომ თემა საინტერესოდ ჟღერდა, მიღებული გამოცდილებაც შესაძლოა ზედაპირული იყოს. სწავლის პროცესის დაწყებამდე ჰკითხე საკუთარ თავს: რა კონკრეტული სარგებელი უნდა მივიღო ამ კურსიდან? სად გამოვიყენებ ამ ცოდნას? როცა მიზანი კონკრეტულია, ცოდნაც შენს რეალურ საჭიროებაზეა მორგებული.

  2. გაეცანი კურსის შინაარსს – მოითხოვე სილაბუსი
    სილაბუსი არ არის მხოლოდ თემების ჩამონათვალი, ის ერთგვარგი გზამკვლევია. მისი წინასწარ გაცნობა გეხმარება უკეთ განსაზღვრო თუ რომელი საკითხებია შენთვის პრიორიტეტული, სად გჭირდება მეტი ჩართულობა ან კონკრეტული კითხვების დასმა.  

  3. მოემზადე წინასწარ
    იმ შემთხვევაშიც კი, თუ კურსის დაწყებამდე მხოლოდ ზოგად ინფორმაციას მოიძიებ, შენი ჩართულობა გაცილებით შედეგიანი იქნება. გაეცანი ტერმინებს, მიმართულებას, ბაზისურ კონცეფციებს. არა იმიტომ, რომ ყველაფერი უნდა იცოდე, არამედ იმისთვის, რომ სწავლისას შენს ჰორიზონტს საზღვარი არ ჰქონდეს.

  4. იყავი ღია ცვლილებებისთვის
    სწავლისას შეიძლება აღმოაჩინო, რომ ახალმა ადამიანებმა და პერსპექტივებმა შეცვალა ის, რაც მანამდე იცოდი  და ეს სულაც არ არის ცუდი! პირიქით, ანუ სწორ გზაზე ხარ. ზოგჯერ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი – მაგალითად, ერთი მძიმე საგადასახადო კოდექსში ან იურიდიულ დოკუმენტში – მთელ კონტექსტს, ან თუნდაც გადაწყვეტილებას ცვლის. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე და სიღრმისეული გააზრება.  
    იყავი მზად, რომ პასუხი, რომელსაც ეძებ, შეიძლება შენს მოლოდინს სრულიად სცდებოდეს და სწორედ ამაში იყოს მისი ძალა. 

  5. იფიქრე პრაქტიკულ გამოყენებაზე
    სწავლის პროცესი მაშინ იძენს რეალურ ღირებულებას და პოტენციალს, როდესაც მისი შედეგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, პროფესიულ საქმიანობაში, ხელშესახებ ცვლილებებად ჩანს. ნუ შემოიფარგლები მხოლოდ ინფორმაციის მიღებით. ამის ნაცვლად, კურსის დაწყებამდე წინასწარ განსაზღვრე თუ სად და როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას? როგორ შეცვლის ის პროცესებს და რომელ პრობლემას მოაგვარებს?

  6. დასვი შეკითხვები
    სწორედ სწორი კითხვების დასმაა ის, რაც ცოდნის მიღების პროცესს აზრსა და მიმართულებას აძლევს. ნუ მოგერიდება კითხვების დასმის – პირიქით: ეს ნიშნავს შენს რეალურ დაინტერესებას, პროცესში ჩართულობასა და პასუხისმგებლობას საკუთარ განვითარებაზე. 
    გახსოვდეს, სწავლა იწყება მაშინ, როდესაც კითხვებზე პასუხების ძიებას იწყებ.  
      
    დასვი კითხვა და დაიწყე სწავლა
    #პერსპექტივა6/1