თანამედროვე HR-ის სფეროში წარმატება მხოლოდ გამოცდილებასა და პრაქტიკულ უნარებს არ ეფუძნება ის მუდმივ განვითარებას, სტრატეგიულ აზროვნებასა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნასაც მოითხოვს.
#აკადემიელების რუბრიკაში გიზიარებთ BDO აკადემიის კურსდამთავრებულის, ნესტან გაგაძის ისტორიას, რომელმაც პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე SPHRi (Senior Professional in Human Resources International) სერტიფიკატი მოიპოვა. მისთვის ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, არამედ HR-ის, როგორც ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორის როლის უკეთ გააზრებასა და გადაწყვეტილებების უფრო ფართო კონტექსტში შეფასებასაც გულისხმობს.
მოტივაცია: გამოცდილებიდან სისტემურ ცოდნამდე
HR სფეროში მუშაობა ადამიანებთან ურთიერთობას, რთული გადაწყვეტილებების მიღებასა და სხვადასხვა საჭიროებას შორის ბალანსის პოვნას გულისხმობს. ასეთ გარემოში გამოცდილება და ინტუიცია მნიშვნელოვანია, თუმცა პროფესიული განვითარება კიდევ უფრო მეტს მოითხოვს, გადაწყვეტილებების სისტემურ საფუძველსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
ნესტანისთვის სწორედ ეს გახდა პროფესიული განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლის მთავარი მოტივაცია.
„HR-ში ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ადამიანებთან მუშაობ, სადაც ერთი „სწორი“ პასუხი იშვიათად არსებობს. გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ ინტუიცია და გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის. მინდოდა, ჩემს გადაწყვეტილებებს სისტემური საფუძველი და საერთაშორისო სტანდარტი ჰქონოდა“, აღნიშნავს ნესტანი.
არჩევანი: SPHRi და BDO აკადემია
SPHRi საერთაშორისო სერტიფიკატია, რომელიც HR პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმაონ სტრატეგიული ხედვა და ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციის საერთო ბიზნესმიზნებს დაუკავშირონ.
ნესტანისთვის სერტიფიკატის მოპოვება პროფესიული განვითარების გაგრძელება იყო. BDO აკადემიაში სწავლის გადაწყვეტილება ნესტანმა სანდო ადამიანის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
„SPHRi ჩემთვის ლოგიკური ნაბიჯი იყო: HR-ს ის ოპერაციული ფუნქციიდან სტრატეგიულ პარტნიორად აქცევს და გლობალურადაც აღიარებულია. BDO აკადემიის შემთხვევაში, გულწრფელად ვიტყვი, ჩემთვის სანდო ადამიანის რეფერალმა გადამაწყვეტინა. როდესაც ასე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ, რეკლამაზე მეტად იმის გჯერა, ვინც ეს გზა უკვე გაიარა“, გვიზიარებს ნესტანი.
სასწავლო პროცესი: პროფესიული მხარდაჭერა და ინდივიდუალური მიდგომა
საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მომზადება ინტენსიურ სასწავლო პროცესს, დროის ეფექტიან მართვასა და მასალის სიღრმისეულ გააზრებას მოითხოვს. ნესტანისთვის მთავარი გამოწვევა ინტენსიური სასწავლო პროცესისა და ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის შეთავსება იყო.
მისი შეფასებით, BDO აკადემიაში პროფესიონალური და ამავდროულად თბილი გარემო დახვდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ლექტორის, თეიკო ბოკუჩავას, ინდივიდუალური მიდგომა და სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული სწავლების პროცესი.
„გარემო პროფესიონალური და ამავე დროს თბილი იყო. მასალა ინტენსიური და მოცულობითია, ამიტომ ყველაზე რთული ტემპის დაცვა აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაო დატვირთვაც არსად ქრება. თეიკო მასალას უბრალოდ არ ფარავდა, ჩვენს საჭიროებებს ამჩნევდა და მიდგომას შესაბამისად არგებდა. ამიტომ, ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე“, – აღნიშნავს ნესტანი.
გამოცდის გამოცდილება: თეორიული ცოდნიდან სიტუაციურ აზროვნებამდე
SPHRi-ის გამოცდა კანდიდატისგან არა მხოლოდ თეორიული ცოდნის ფლობას, არამედ ორგანიზაციული კონტექსტის გააზრებასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უნარსაც მოითხოვს.
ნესტანისთვის გამოცდის პროცესი ერთდროულად მღელვარებასთან, საინტერესო გამოწვევასთან და საკუთარი მომზადების შეფასებასთან იყო დაკავშირებული. სიტუაციურ აზროვნებაზე დაფუძნებულმა ფორმატმა მას შესაძლებლობა მისცა, გამოცდის პროცესი ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობასთან დაეკავშირებინა.
„მღელვარება, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ გამოცდა დაზეპირებულ ინფორმაციას კი არა, სიტუაციურ აზროვნებას ამოწმებს, ანუ იმას, რასაც HR-ში ყოველდღე ვაკეთებთ. ამიტომ პროცესით მართლა ვისიამოვნე. შედეგის ნახვისას სიხარულიც ვიგრძენი, შვებაც და სიამაყეც: ვიგრძენი, რომ ჩემმა განვლილმა გზამ და მომზადების პერიოდში ჩადებულმა შრომამ ერთად გამოიღო შედეგი“, გვიზიარებს ნესტანი.
პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი: HR ბიზნესის სტრატეგიულ პარტნიორად
SPHRi-ის სერტიფიკატის მოპოვება ნესტანისთვის მხოლოდ პროფესიული მიღწევა არ ყოფილა ამ პროცესმა მისი ხედვა და გადაწყვეტილებების მიღების მიდგომაც გააფართოვა.
დღეს ის ბიზნესპროცესებს უფრო ფართო კონტექსტში აფასებს და ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს კონკრეტული ამოცანა, არამედ იმაზეც, თუ რა პრობლემას აგვარებს ის ორგანიზაციისთვის და როგორ უკავშირდება ბიზნესის მიზნებს.
„ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას ჩემს სტრატეგიულ ხედვაში ვგრძნობ. დღეს ნებისმიერ ბიზნესპროცესს მასშტაბურ კონტექსტში განვიხილავ და უპირველესად ვიკვლევ, თუ რა ღირებულებას ქმნის ის ბიზნესისთვის. გადაწყვეტილებების მიღებისას ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ არა იმიტომ, რომ ყველა პასუხი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ თითოეულ არჩევანს გააზრებული არგუმენტი აქვს. მთავარი კი ის არის, რომ ეს პროფესიული ზრდა მხოლოდ დასაწყისია“, აღნიშნავს ნესტანი.
ნესტან გაგაძის პროფესიული გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განვითარება მხოლოდ ახალი ცოდნის მიღებას არ ნიშნავს. ის პარქტიკული ცოდნის გადააზრებას სტრატეგიული ხედვის გაფართოებასა და ბევრად უფრო არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
BDO აკადმიაში საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მომზადება პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ სტრატეგიული აზროვნება, გააძლიერონ პროფესიული კომპეტენციები და საკუთარი გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტებს დაუკავშირონ.