2023 წელს, მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, BDO Academy-მ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყეს.
პარტნიორობის ფარგლებში, 2023-2025 წლებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალურ საკონსულტაციო ცენტრებში მეწარმეთა მხარდასაჭერად და მათი ბიზნესუნარების გასაუმჯობესებლად, BDO Academy-ის გუნდმა საგანმანათლებლო ღონისძიებები შემდეგი ძირითადი მიმართულებებით ჩაატარა:
-
გაციფრულება
-
გაყიდვები და ციფრული მარკეტინგი
-
საგადასახადო საკითხები
-
იურიდიული საკითხები
-
ფინანსები და ბუღალტერია
-
ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა
-
ადამიანური რესურსების მართვა.
„აწარმოე საქართველოშის“ საკონსულტაციო ცენტრები მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, აღნიშნული კონცეფცია ბრიტანულ Growth Hub-ის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმაციით უზრუნველყოფას, საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას, ტრენინგების და სემინარების შეთავაზებას.
პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო ცენტრებმა მეწარმეებისთვის განახორციელეს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და პრაქტიკაზე ორიენტირებული შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავდა მათი ბიზნეს კომპეტენციების გაძლიერებასა და ხელშეწყობას. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა როგორც ტრენინგები, ასევე სამუშაო შეხვედრები (workshops), რომლებიც მეწარმეთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იყო მორგებული. აღნიშნული ფორმატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა რეალურ ბიზნეს ქეისებზე ემუშავათ, გაეზიარებინათ გამოცდილება და მიღებული ცოდნა საკუთარი საქმიანობის კონტექსტში გამოეყენებინათ. სამუშაო შეხვედრები გამოირჩეოდა როგორც ინტერაქტიული მიდგომებით, ასევე ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ელემენტებით.
ტრენინგები მოიცავდა 3-6 დღის ხანგრძლივობის კომპლექსურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ფარავდა სხვადასხვა, მნიშვნელოვან დარგობრივ საკითხს. თითოეული ტრენინგის სილაბუსი წინასწარ იყო შემუშავებული და ორიენტირებული მეწარმეთა საჭიროებების ანალიზზე, რაც უზრუნველყოფდა სწავლების პრაქტიკულ ეფექტიანობას.
სწავლის ხარისხის უზრუნველსაყოფად, პროგრამის განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა მონაწილეთა უკუკავშირის შეგროვება და შეხვედრების მონიტორინგი. შედეგები გამოიყენებოდა პროგრამის გაუმჯობესებისთვის. პროცესში აქტიურად იყო ჩართული BDO Academy-ს მხარდაჭერის გუნდი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ჰაბების წარმომადგენლებთან ერთად.
სულ გადამზადდა 1227 მეწარმე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:
- საგადასახადო საკითხები – 169
- ფინანსები და ბუღალტერია – 331
- გაყიდვები და მარკეტინგი – 395
- იურიდიული საკითხები – 39
- გაციფრულება – 61
- ადამიანური რესურსების მართვა – 89
- ბიზნესმოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა – 143.
აღნიშნულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების პროფესიულ განვითარებაში, მათი ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაში. შედეგად, მონაწილეებმა მიიღეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ რეალური ბიზნეს გარემოსთვის რელევანტური ინსტრუმენტები, რაც ხელს უწყობს მათი საქმიანობის ზრდას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.