BDO Academy და „ცოდნის კაფე“ ახალ ინტელექტუალურ პროექტს იწყებენ, რომელიც კახეთის რეგიონში არაფორმალური განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თანამშრომლობა შესაბამისი მემორანდუმით გაფორმდა, რომელსაც BDO Academy-ის მენეჯერმა ელა მანუკიანმა, ხოლო “ცოდნის კაფეს” მხრიდან გამგეობის თავმჯდომარემ ნანა ბაგალიშვილმა მოაწერეს ხელი.
პარტნიორობამ საფუძველი ჩაუყარა ერთწლიან, მასშტაბურ პროექტს – „12 გაჩერება“. ეს არის ინტელექტუალური შეხვედრების სერია, რომელიც BDO Academy-ის მხარდაჭერით სწორედ “ცოდნის კაფეში” განხორციელდება.
„12 გაჩერება“ იქნება ერთგვარი ინტელექტუალური მოგზაურობა: 12 თვე, 12 შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გამოჩენილი ქართველი მწერლები შეხვდებიან თავის მკითხველს და აუდიტორიასთან ერთად შექმნიან ფიქრის განსხვავებულ მარშრუტს და ახალ კულტურულ გამოცდილებას რეგიონში.
პროექტი თითოეულ მსმენელს მისცემს შესაძლებლობას:
- მიიღოს ინსპირაცია და ინტელექტუალური საზრდო
- იპოვოს ახალი იდეები და მიგნებები
- შეიგრძნოს თავისუფალი ფიქრის, ძიებისა და შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელობა.
BDO Academy-ისა და “ცოდნის კაფეს” კოლაბორაცია წარმოადგენს BDO-ს გრძელვადიან ინვესტიციას რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
პროექტი “12 გაჩერება” 29 ნოემბერს პირველი გაჩერებით დაიწყება და ყოველი თვის ბოლო შაბათს კახეთი და „ცოდნის კაფე“ თანამედროვე ლიტერატურის გამორჩეულ სახეებს მკითხველთან შეახვედრებს.