BDO აკადემიამ EBA-სა და BTU-სთან პარტნიორობით ჩაატარა სემინარი „AI პროექტების მენეჯმენტში“. ღონისძიებას BDO აკადემიის პროექტების მართვის ტრენერი, თამთა ბასილაია, უძღვებოდა.
სემინარს დაესწრნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, EBA-ს წევრები და ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიების პროგრამებში“ ბენეფიციარები. სემინარი მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თანამედროვე კომპანიები პროექტების მართვაში და როგორ შეიძლება ამ პროცესში ქართული ბიზნესის გაძლიერება.
გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ევროპის ბიზნეს ასოციაციას (EBA) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. BDO აკადემიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პარტნიორობა, რადგან ის ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, ბიზნეს საზოგადოების გაძლიერებასა და ინოვაციების დანერგვას.
AI პროექტებში: თამთა ბასილაიას ხედვები და რჩევები
ამ წარმატებული სემინარის შემდეგ, გადავწყვიტეთ სიღრმისეულად განგვეხილა AI-ის როლი პროექტების მენეჯმენტში. ჩვენ ვესაუბრეთ BDO აკადემიის პროექტების მართვის ტრენერს, თამთა ბასილაიას, რათა მიგვეღო მისი პროფესიული მოსაზრებები AI-ის მიმართულებით.
– თქვენი აზრით, დღესდღეობით რა არის ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი პროექტების მენეჯმენტისთვის?
– ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი პროექტის მენეჯმენტში არის დროისა და რესურსების ოპტიმიზაცია. AI-ს შეუძლია დღეში 2-3 საათის დაზოგვა რუტინული ამოცანების ავტომატიზაციით, როგორიცაა სტატუს-რეპორტების გენერირება, დოკუმენტების ორგანიზება ან რისკების პროგნოზირება. მაგალითად, AI ინსტრუმენტები, როგორიცაა Asana-ს ან Monday.com-ის AI ასისტენტები, იყენებენ მანქანურ სწავლებას, რათა გააანალიზონ პროექტის მონაცემები და იწინასწარმეტყველონ პოტენციური პრობლემები, რაც საშუალებას აძლევს მენეჯერებს, ფოკუსირდნენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა გუნდის მოტივაცია ან კლიენტებთან ურთიერთობა. Gartner-ის მიხედვით, AI-ს გამოყენებამ შეიძლება 30%-ით გაზარდოს პროექტის მართვის ეფექტურობა.
– როგორ შეუძლიათ პროექტის მენეჯერებს დაიწყონ AI-ს გამოყენება და გაიუმჯობესონ უნარები ამ მიმართულებით, მაშინაც კი, თუ მათ მცირე გამოცდილება აქვთ?
– პროექტის მენეჯერებს, რომლებსაც მცირე გამოცდილება აქვთ, შეუძლიათ AI-ს გამოყენება დაიწყონ ნაცნობი ინსტრუმენტებით, როგორიცაა Jira, Trello, ClickUp ან Monday.com, სადაც AI ასისტენტები უკვე ინტეგრირებულია. ასევე, უფასო ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, შეიძლება გამოიყენონ მარტივი ანალიზისთვის ან იდეების გენერირებისთვის.
იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ AI-ის უნარები, ვურჩევ იყვნენ ცნობისმოყვარეები და დაიწყონ მარტივი ექსპერიმენტებით, მაგ. გამოიყენონ ChatGPT იდეების გენერირებისთვის ან Monday.com-ის AI ასისტენტი ამოცანების ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანია, გაიარონ ონლაინ კურსები, მაგ. Coursera-ს ან LinkedIn Learning-ის AI და PM-ის შესახებ, და შეუერთდნენ პროფესიულ საზოგადოებებს, როგორიცაა PMI, გამოცდილების გასაზიარებლად.
![]() |
![]() |
– თქვენი პროგნოზით, როგორ განვითარდება AI-ს როლი პროექტების მენეჯმენტში მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში?
– მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, AI გახდება პროექტის მართვის განუყოფელი ნაწილი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, 2027 წლისთვის კომპანიების 75% აითვისებს AI ტექნოლოგიებს, რაც ნიშნავს, რომ AI გამოიყენება არა მხოლოდ რუტინული ამოცანებისთვის, არამედ რთული გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგ. რეალურ დროში რისკების პროგნოზირება ან რესურსების ოპტიმიზაცია. AI შეძლებს ავტონომიურად მართოს პროექტის გარკვეული ეტაპები, მაგრამ ადამიანის ზედამხედველობა გადამწყვეტი იქნება ეთიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის.
– რა პოტენციურ გამოწვევებს ან რისკებს ხედავთ AI-ს ინტეგრაციით პროექტების მენეჯმენტში?
– AI-ს ინტეგრაციას პროექტის მენეჯმენტში თან ახლავს გამოწვევები. უპირველეს ყოვლისა, AI-ს ეფექტურობა დამოკიდებულია მიწოდებული მონაცემების სიზუსტესა და სისრულეზე. მაგალითად, თუ მონაცემები არასწორია, AI-მ შეიძლება გააკეთოს არაზუსტი პროგნოზები სხვა რისკები მოიცავს მონაცემთა კონფიდენციალურობის დარღვევას, გუნდის წევრების წინააღმდეგობას AI-ს მიმართ ან ჭარბ დამოკიდებულებას ტექნოლოგიაზე, რამაც შეიძლება შეამციროს კრიტიკული აზროვნება. ამ რისკების მართვა შესაძლებელია მაგ. მონაცემთა ხარისხის რეგულარული აუდიტით, თანამშრომლების დატრენინგებითა და ეთიკური გაიდლაინების დანერგვით.
![]() |
![]() |
BDO აკადემიის მენეჯერის, ელა მანუკიანის კომენტარი: AI-ის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში
ჩვენ ასევე ვთხოვეთ BDO აკადემიის მენეჯერს, ელა მანუკიანს გაეზიარებინა მისი ხედვა, თუ როგორ აპირებს აკადემია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მხარი დაუჭიროს საქართველოს ბიზნესის განვითარებას.
ჩვენი, BDO აკადემიის მიზანია, მუდმივად ვუპასუხოთ ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ხელოვნური ინტელექტი, მისი სწრაფი განვითარებისა და გავლენის გათვალისწინებით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულებაა.
ჩვენი წვლილი AI-ის კონტექსტში საქართველოს ბიზნეს საზოგადოების განვითარებაში რამდენიმე ძირითადი მიმართულებით გაგრძელდება. BDO აკადემია გააგრძელებს თანამშრომლობას ინდუსტრიის ლიდერებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ბიზნესს მივაწოდოთ სრული და ყოვლისმომცველი ხედვა AI-ის გამოყენებაზე. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ბაზრის მოთხოვნებს და ვახდენთ ჩვენი პროგრამების ადაპტირებას გლობალურ სიახლეებთან. სემინარებისა და ტრენინგების გარდა, BDO აკადემია პერიოდულად გამართავს დისკუსიებს, ვებინარებსა და შეხვედრებს, სადაც განხილული იქნება AI-ის აქტუალური ასპექტები ბიზნესში.
![]() |
![]() |
მომავალი ინიციატივები: ახალი კურსები AI-ის მიმართულებით
BDO აკადემიაში ვმუშაობთ ახალი, გაფართოებული და სპეციალიზებული კურსების შემუშავებაზე ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში.
ეს პროგრამები მიზნად ისახავს პროფესიონალებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მიაწოდოს პრაქტიკული ცოდნა AI-ის შესახებ. კურსები შექმნილი იქნება როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ სპეციალისტებისთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა და სურთ AI-ის სიღრმისეული ინტეგრაცია თავიანთ სამუშაო პროცესებში.
![]() |
![]() |
ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ საქართველოს ბიზნეს საზოგადოებას უმაღლესი ხარისხის, პრაქტიკული და ინოვაციური სასწავლო პროგრამები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, წარმატებით იმოქმედონ AI-ის ეპოქაში და გამოიყენონ მისი პოტენციალი ზრდისა და განვითარებისთვის.
დეტალური ინფორმაცია ახალი კურსების, პროგრამების, რეგისტრაციის ვადებისა და ჩატარების განრიგის შესახებ მალე გამოქვეყნდება BDO აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.