2023-2025 წლების წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, BDO აკადემიამ კონკურსის წესით კვლავ მოიპოვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პარტნიორობა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას განაგრძობს. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაგეგმილი ინიციატივა მიზნად ისახავს მეწარმეების ცოდნის გაღრმავებას, თანამედროვე ბიზნესპრაქტიკების დანერგვასა და კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
მიმდინარე წლის ივნისიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ ფორმატში გაიმართება.
ძირითადი სასწავლო მიმართულებები
სასწავლო პროცესი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- მარკეტინგი
- გაყიდვები
- ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა
- ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა
- გადასახადები
- ადამიანური რესურსების მართვა
- იურიდიული მიმართულება
- გაციფრულება
- წარმოების მდგრადობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემები
პროგრამის ფარგლებში სასწავლო აქტივობები ჩატარდება კორპორაციის ბიზნეს სივრცეებში თბილისსა და საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.
პროექტის რეგიონული მასშტაბი ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას აძლევს მაღალი ხარისხის ბიზნესგანათლება საკუთარ რეგიონებში მიიღონ. პროგრამა მოიცავს 2 ან 3-დღიან კომპლექსურ ტრენინგებსა და ერთდღიან პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებს (ვორქშოფებს). თითოეული სილაბუსი ინდივიდუალურად არის შემუშავებული BDO აკადემიის გამოცდილი ტრენერების მიერ და მორგებულია სასწავლო პროცესის პრაქტიკულ საჭიროებებს. სწავლებას გაუძღვებიან შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილება. ყველა შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე.
ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?
პროექტი იდეალურია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, გააუმჯობესონ ბიზნესპროცესები და უფრო ეფექტურად გამოიყენონ ფინანსური რესურსები. მონაწილეთა სამიზნე ჯგუფებია:
- მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები
- კომპანიის მენეჯერები და ხელმძღვანელი პირები
- თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასა და ბიზნესპროცესებში.
პროექტის მნიშვნელობა
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ადგილობრივი მეწარმეებისთვის. პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები მონაწილეებს ეხმარება, წარმატებით უპასუხონ თანამედროვე ბიზნესგარემოს გამოწვევებს, უზრუნველყონ საკუთარი საწარმოებისა და ორგანიზაციების სტაბილური ზრდა და განვითარება.